03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
პეტრო პოროშენკო ვოლნოვახაში ავტობუსის აფეთქებას პარიზის ტერაქტს ადარებს

პეტრო პოროშენკო დონეცკთან ახლოს ვოლნოვახაში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების ფაქტს პარიზის ტერაქტს ადარებს. ამის შესახებ მან საკუთარ მიმართვაში ილაპარაკა.

„ტერორისტებმა მიზანმიმართულად მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის 14 წლის გოგონაც. ეს მკვლელობა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ბანდების კისერზეა, ასევე მათზე, ვინც მათ კვებავს, აიარაღებს და სისხლიანი დავალებების შესასრულებლად აქეზებს,” - განაცხადა პოროშენკომ.

მისი შეფასებით, ხალხის მასობრივი დახვრეტა პარიზში და ვოლნოვახას ფაქტი ერთი და იმავე სახის ქმედებაა. პოროშენკომ განაცხადა, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს. პოროშენკოს თქმით, შულცი დაჰპირდა მას, რომ ხუთშაბათს ევროპარლამენტი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებისკენ.

შეგახსენებთ, რომ პრორუსმა მებრძოლებმა გუშინ ვოლნოვახაში ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებზე იერიში მიიტანეს. ამ დროს ერთი ჭურვი პირდაპირ სამგზავრო ავტობუსს მოხვდა.

დღის ამბები