03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
”ბოდიშს გიხდით, ჩვენ ისევ დავხატეთ მუჰამედი,” - ”შარლი ებდოს” კარიკატურისტი

„ბოდიშს გიხდით, ჩვენ ისევ დავხატეთ მუჰამედი,” - ამ განცხადებას „შარლი ებდოს” კარიკატურისტი აკეთებს, რომელმაც ახალი ნომრის ყდისთვის კარიკატურა შექმნა.

„ასეთ ვითარებაში რთული იყო ამ კარიკატურის შექმნა. ერთადერთი იდეა მქონდა, რომ დამეხატა მუჰამედი. ის ამბობდა - მე ვარ შარლი. როდესაც შევხედე, ტიროდა და უბრალოდ, მივამატე წარწერა „ყველაფერი გაპატიეთ.” ეს არ არის გარეკანი, რომელსაც ჩვენგან მსოფლიო ითხოვს, ან გარეკანი, რომელსაც ისურვებდნენ ტერორისტები. ეს არის ჩვენი გარეკანი,” -განმარტა რენალდ ლუსიემ.

შეგახსენებთ, რომ „შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ დღეს გაზეთის პირველი ნომერი დღეს გამოდის. ის ამჯერად, 60 ათასის ნაცვლად, სამმილიონიანი ტირაჟით გაიყიდება. მის გარეკანზე მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა იქნება დაბეჭდილი წარწერით „მე ვარ შარლი და ყველაფერი გაპატიეთ.”

ასევე იქნება მუჰამედ წინასწარმეტყველის სხვა კარიკატურებიც. ჟურნალის გარეკანი „შარლი ებდოს” რედაქტორმა და კარიკატურისტმა საგანგებო პრესკონფერენციაზე წარადგინეს.

გაზეთის რედაქციას გასულ კვირას ისლამისტი ტერორისტები დაესხნენ თავს, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით შეტევა მოხდა ებრაულ სუპერმარკეტზე. ორივე თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა.

კვირას საფრანგეთში სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სოლიდარობის მარშში, რომელიც ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. ყველაზე მასშტაბური მსვლელობა პარიზში გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები მონაწილეობდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები