03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
170 სოციალურად დაუცველი ახალციხეში უფასო სასადილოს გარეშე დატოვეს

კიდევ ერთი უფასო სასადილო, რომელიც ახალციხეში 170 ბენეფიციარს 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, ახალი წლების შემდეგ დაიხურა.

სასადილოს ფუნქციონირების შეჩერება ჩაშლილ ტენდერს უკავშირდება.

ადგილობრივ ხელისუფლებაში არც ის იციან, როდის განაახლებს სასადილო მუშაობას. ინფორმაცია არ აქვს არც დაწესებულების ხელმძღვანელს. ცისანა შავაძე ამბობს, რომ სასადილოში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები 3 იანვარს უნდა მისულიყვნენ. თუმცა, რატომ ჩაიშალა ტენდერი, მისთვის უცნობია.

ახალციხის საკრებულოში განმარტავენ, რომ ტენდერის ჩაშლის მიზეზი მონაწილე კომპანიების მიერ დოკუმენტაციის არასრულად წარდგენა გახდა.

მერიამ ხელშეკრულება დღეს ერთ-ერთ კომპანიასთან პირდაპირი წესით გააფორმა. თუმცა, როდის დაიწყებს კომპანია მუშაობას და როდის მიიღებს საკვებს 170 ბენეფიციარი, ეს ჯერ უცნობია.

ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ რამდენიმე დღის წინ გურიაშიც, სადაც 60 ბენეფიციარი 2 კვირის განმავლობაში, მერიის მიერ ჩაშლილი ტენდერის გამო, საკვების გარეშე იყო დარჩენილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები