26 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
ქედის მოსახლეობა ახალი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ქედის მოსახლეობა ახალი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. კომპანიასთან კონფლიქტის მიზეზი ის ანძა გახდა, რომელიც ძველ სასაფლაოზე უნდა აშენდეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ამის უფლებას მშენებლებს არ მისცემენ. ადგილობრივები თვლიან, რომ მდინარე აჭარის წყალზე ჰესისთვის საჭირო ანძების აღმართვა მათი საცხოვრებელი ტერიტორიიდან მოშორებითაც არის შესაძლებელი.

ქედის გარდა, ჰესის მშენებლობით ადგილობრივები უკმაყოფილო არიან ხულოსა და შუახევშიც, სადაც მშენებლობის გამო სახლების დაზიანებისთვის მოსახლეობის ნაწილმა კომპენსაცია უკვე მიიღო, თუმცა თანხა ადგილობრივების თქმით ოჯახებს არა სახლის დაზიანების ხარისხის, არამედ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით გადაეცემათ.

პოლიტიკური ნიშნით კომპენსაციების გაცემას უარყოფს ადგილობრივი მთავრობა. შუახევის გამგებლის მოადგილის განმარტებით, მშენებლობისას დაზიანებული სახლების მდგომარეობა სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა და ფინანსური დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს დაეწიათ, რომელთა ზარალი სპეციალისტებმა ოფიციალურად დაადგინეს. 

მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავენ. 

ავტორი: თეა ვარშალომიძე.

დღის ამბები