03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
„საქსტატის” ხელმძღვანელობა თანამშრომლებზე 12-ჯერ მაღალ პრემიას იღებს

„საქსტატის” ხელმძღვანელობა თანამშრომლებზე 12-ჯერ მაღალ პრემიას იღებს. 2014 წლის პირველ სამ კვარტალში 4-კაციანმა ხელმძღვანელობამ 122 000 ლარი პრემიის სახით აიღო.   დანარჩენმა 204-მა თანამშრომელმა კი ერთად 512 125 ლარი.

პრემიების და დანამატების შესახებ ინფორმაცია თავად „ჯეოსტატის” ვებგვერდზეა განთავსებული. აქვეა მითითებული საშტატო რიცხოვნობა, რომელიც მთლიანობაში 208 საშტატო ერთეულით არის განსაზღვრული. როგორც „ჯეოსტატის”  საზოგადოებასთამ ურთიერთობის განყოფილებაში „რუსთავი2-თან” საუბრისას განაცხადეს, მთავრობის დადგენილების შესაბამისად,  „ჯეოსტატში” თანამდებობის პირებს მხოლოდ 4 კაცი - აღმასრულებელი დირექტორი და მისი 3 მოადგილე წარმოადგენს.     

ინფორმაცია ვებგვერდზე მოცემულია ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის და დანარჩენი თანამშრომლებისთვის ჯამური სახით.

მესამე კვარტალში 4-მა თანამდებობის პირმა ერთად, ხელფასზე დანამატის სახით, 16 500 ლარი აიღო, დანარჩენმა 204-მა თანამშრომელმა კი ერთად 24 800 ლარი. თანამდებობის პირების დანამატი საშუალოდ 4125 ლარი იყო. თითოეული  თანამშრომლის კი საშუალოდ 121,5 ლარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „საქსტატის” ხელმძღვანელობამ დაახლოებით 34-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე  სხვა თანამშრომლებმა.

პირველ და მეორე კვარტალში აღებული დანამატის შესახებ ინფორმაცია არ არის.

რაც შეეხება პრემიას, მესამე კვარტალში 4-მა კაცმა, პრემიის სახით, 56 150 ლარი აიღო, ანუ თითომ საშუალოდ 14 038 ლარი. დანარჩენმა 204-მა თანამშრომელმა კი ერთად  282 025 ლარი, ანუ თითომ საშუალოდ 1382 ლარი აიღო. ანუ, პრემიის სახით, „საქსტატის“  ხელმძღვანელობამ მესამე კვარტალში თანამშრომლებზე 10-ჯერ მეტი ოდენობის პრემია აიღო.

მეორე კვარტალში 4-მა კაცმა, პრემიის სახით, 45 450 ლარი აიღო, ანუ თითომ საშუალოდ 11 362,5 ლარი. 204-მა კი - 235 725 ლარი, ანუ თითომ საშუალოდ 1155,5 ლარი. ამ შემთხვევაშიც ხელმძღვანელობამ თანამშრომლებზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი პრემია აიღო.

პირველ კვარტალში ხელმძღვანელობამ, პრემიის სახით, მთლიანობაში 20 400 ლარი, ანუ თითომ საშუალოდ 5100 ლარი აიღო, 204-მა კაცმა კი მთლიანობაში 94 375 ლარი, ანუ თითომ საშუალოდ 463 ლარი.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის პირველ კვარტალში ხელმძღვანელობამ თანამშრომლებზე 11-ჯერ მეტი პრემია აიღო.

დანამატისა და პრემიის ერთობლივად დაანგარიშების შემთხვევაში კი გამოდის, რომ ხელმძღვანელობა 11-12-ჯერ მაღალ ანაზღაურებას იღებს.  

მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.  

დღის ამბები