03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
"მანდარინები" ოსკარზე-ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

18 წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის ჯილდოსთვის იბრძოლებს. ზაზა ურუშაძის "მანდარინები", რომელიც ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა, საუკეთესო ხუთეულში უკვე მოხვდა. აფხაზეთის ომის თემაზე გადაღებული სურათი საუკეთესო უცხოენოვან ფილმებს შორის პირადად კინოაკადემიის პრეზიდენტმა დაასახელა.

ნომინანტების სიაში მოსახვედრად წელს განსაკუთრებით დიდი კონკურენცია იყო. საუკეთესო ფილმი რეკორდული რაოდენობის, 83–მა ქვეყანამ წარადგინა, თუმცა საბოლოოდ, პრეტენდენტები 9 ნამუშევარს შორის შეირჩა, რომელთა შორისაც ისტორიაში პირველად ორი ქართული ფილმი იყო: უკვე ნომინანტი "მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული."

კინემატოგრაფიის ყველაზე პრესტიჟულ პრემიაზე ქართულ–ესტონური ნამუშევრის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრიც გამოეხმაურნენ. ფილმის წარმატებმა გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორივე ქვეყანას მიულოცეს.

მანდარინების გარდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში პირველობისთვის კიდევ 4 ფილმი იბრძოლებს, მათ შორის ანდრეი ზვიაგინცევის "ლევიათანი", რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოქროს გლობუსი მოიპოვა.

ოსკარის ნომინანტების დასახელების ცერემონია ბევერლი ჰილზის ერთ–ერთ თეატრში გაიმართა.
პრეტენდენტებს შორის ყველაზე მეტი, 9–9 ნომინაციით ფილმები "ბერდმენი" და "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი" ლიდერობენ. მათთან ერთად წლის საუკეთესო ფილმის ტიტულის მოპოვებას კიდევ 7 სურათი შეეცდება, მათ შორის "იმიტაციის თამაში", რომელსაც 8 ნომინაცია ერგო და ოქროს გლობუსის მფლობელი "ბავშვობა".

ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია თავის რჩეულებს ლოს ანჯელესის დოლბის კინოთეატრში 22 თებერვალს გამოავლენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები