03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
რამდენად სანდოა „საქსტატის” ინფორმაცია?

„საქსტატში” აცხადებენ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი 4 პირი დანარჩენ თანამშრომლებზე 12-ჯერ მეტ პრემიას არ იღებს და ამის დასამტკიცებლად ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე პრემიების შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ ჩაასწორეს.   

რუსთავი 2-მა გუშინ გამოაქვეყნა ინფორმაცია „საქსტატის” ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ 2014 წლის პირველ სამ კვარტალში 4-კაციანმა ხელმძღვანელობამ 122 000 ლარი პრემიის სახით აიღო. დანარჩენმა 204-მა თანამშრომელმა კი ერთად 512 125 ლარი. მესამე კვარტალში 4-მა თანამდებობის პირმა ერთად ხელფასზე დანამატის სახით 16 500 ლარი აიღო, დანარჩენმა 204-მა თანამშრომელმა კი ერთად 24 800 ლარი. 

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ „საქსტატის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სათითაო კვარტლის მონაცემებს კი არ ასახავდა, არამედ ყოველ კვარტალს დამატებული ჰქონდა წინა კვარტლის მონაცემები.

თუმცა ეს ინფორმაცია „საქსტატის” ვებგვერდზე არათუ მითითებული არ ყოფილა, არამედ მითითებულია, რომ ინფორმაცია ქვეყნდება  კვარტლურად და, რაც მთავარია, რუსთავი 2-ზე  ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ჩაასწორეს.  

რაც მთავარია, „საქსტატი” ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას ასევე კვარტლურად აქვეყნებს და არსად არ არის მითითებული, რომ ყველა კვარტალს წინა კვარტლების მონაცემები ემატება. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის გაკეთებისას „საქსტატის” მონაცემები როგორ უნდა იქნეს გამოყენებული,  გაურკვეველია.  

რაც შეეხება პრემიებს და დამატებებს, „საქსტატმა” იმის დამადასტურებლად, რომ ხელმძღვანელობა ამდენჯერ მეტ პრემიას არ უწერს საკუთარ თავს, გამოგვიგზავნა მთელი წლის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, მეოთხე კვარტალში არახელმძღვანელი თანამშრომლებისთვის გამოყოფილი საპრემიო და დანამატის თანხა ერთად არაპროპორციულად დიდია წინა კვარტლებთან შედარებით.

ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 204-მა თანამშრომელმა ერთად I კვარტალში 94,375 ლარი, II კვარტალში - 141,350 ლარი, III კვარტალში - 71,100 ლარი და IV კვარტალში - 400 000 ლარი აიღო.

4-მა ხელმძღვანელმა პირმა კი I კვარტალში - 20,400 ლარი აიღო, II კვარტალში - 25,050 ლარი, III კვარტალში - 27,200 ლარი და IV კვარტალში - 31,850 ლარი.           

ამ ჩასწორებული მონაცემებითაც გამოდის, რომ 4 ხელმძღვანელი პირი დანარჩენ თანამშრომლებზე,დაახლოებით 7,5-ჯერ მაღალ პრემიას იღებდა.

თუმცა, „საქსტატში” განმარტავენ, რომ „დანამატები და პრემიები გაიცემა ზეგანაკვეთური და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებისათვის და არა საშტატო განრიგის სრულ შემადგენლობაზე, ხოლო სადღესასწაულო პრემია გაიცემა საშტატოს სრულ შემადგენლობაზე.”

 

პირველი სამი ფოტო არის „საქსტატის“ ვებგვერდზე  ჩასწორებამდე განთავსებული ინფორმაცია. დანარჩენი  სამი კი - ჩასწორების შემდეგ.  

დღის ამბები