09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
რა ხდება გიუმრიში?

გიუმრში ვითარება ამ დროისთვის დამშვიდებულია. თუმცა, მოქალაქეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

სომხეთის შს მინისტრმა განცხადება გააკეთა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. თუმცა, ცნობილი ხდება დანაშაულის ახალი დეტალები.   

მასალებით ირკვევა, რომ რუსი ჯარისკაცის პირველადი ჩვენება ტყუილია. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ სახლში შესასვლელად რუსმა ჯარისკაცმა ჯერ ჭიშკარი დააზიანა, შემდეგ 60 მეტრი გაიარა, საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია და ასე შევიდა ავეტისიანების ოჯახში, სადაც ერთი გასროლით ოჯახის უფროსი მოკლა, შემდეგ ოჯახის სხვა წევრები.

რუსი სამხედროს უფლებების დაცვაზე უარს ამბობს სომეხი ადვოკატი, თამარა იალოიანი. ის შეძრწუნებულია რუსი სამხედროს მიერ მიცემული ჩვენებით. ადვოკატი ამბობს, რომ მისი მორალი ამ ადამიანის დაცვის უფლებას არ აძლევს.

„მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი მისი ინტერესების დაცვას. მან აღიარა დანაშაული. ნანობს დანაშაულს. თუმცა, მე შეძრწუნებული ვარ მისი აღიარებითი ჩვენებით,“ - აცხადებს ადვოკატი.

ქალაქში გამოსვლას ერიდებიან რუსი სამხედროები. ქალაქში მცხოვრებმა ჯარისკაცების ოჯახის წევრებმაც დატოვეს სამხედრო ქალაქში საერთო საცხოვრებლები და ღამეს ისინიც სამხედრო ბაზაზე ათევენ.

დღეს დილიდან გიუმრიში სინშვიდეა. თუმცა, ხელისუფლების პასუხს ელოდება ადგილობრივი მოსახლეობა და ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები. 

სომხეთის ოპოზიციის შეფასებით კი, დღეს ქვეყანაში ხალხი გრძნობს თავს ისე, როგორც რუსეთის გუბერნიაში.

ამის შესახებ "კურიერთან" სომხეთის პარლამენტის ოპოზიციის წევრები საუბრობენ. ისინი ხელისუფლებას უპრინციპობის გამო აკრიტიკებენ.

მათი თქმით, დღეს ქვეყანაში მოქმედებს რუსული დიქტატურა და 6 ადამიანის მკვლელობას ოპოზიცია მხოლოდ დანაშაულს არ უწოდებს. მათი შეფასებით, ეს არის გენოციდი სომეხი ხალხის წინააღმდეგ, რომელზეც ხელისუფლებას ადეკვატური პასუხი არა აქვს.  

„ჩვენ ვიმკით იმ ავტორიტარული პოლიტიკის შედეგებს, რომელიც არის სომხეთსა და რუსეთში. ახლა, როდესაც ამ დანაშაულზე არ ვრცელდება სომხური იურისდიქცია, როდესაც კანონით გვაქვს უფლება, ჯარისკაცი აქ გავასამართლოთ და რუსეთი გვართმევს ამ უფლებას, ჩვენ ვიღებთ კოლონიზატორულ პოლიტიკას, როდესაც ჩვენ ვართ რუსეთის კოლონია. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მიმართ დღეს არ არის პრინციპული. დღეს სომხეთში ხელისუფლება არ ეკუთვნის ხალხს და ის კონტროლდება რუსეთის მიერ. ეს არის პრობლემის არსი. ჩვენ დღეს გვიჩნდება განცდა, რომ ვცხოვრობთ რუსეთის გუბერნიაში. 6 ადამიანის მკვლელობა ჩვეთვის არ იყო მხოლოდ ტრაგედია, ეს არის გენოციდი,“ - აცხადებს სომხეთის პარლამენტის დეპუტატი, პოსანდჟარიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები