03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
"სახელფასო დანამატების ყოველთვიური გაცემა არასწორი პრაქტიკაა,"- გიორგი კლდიაშვილი

სამოქალაქო სექტორი სახელფასო დანამატებისა და პრემიების საკითხის კანონმდებლობის დონეზე განხილვას და მოწესრიგებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან დანამატების წესის დარეგულირების პროცესში ჩაერთონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აცხადებენ, რომ კანონი ფაქტრობრივად თანამდებობის პირს არ ზღუდავს მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი არგუმენტაციით. ორგანიზაციის იურისტის გაგა ჩიხლაძის თქმით, თუ ადამიანს აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, მას ლოგიკურად, შესაბამისი ხელფასიც უნდა ჰქონდეს, თუმცა არა სახელფასო დანამატის სახით. ჩიხლაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან საკითხის საკანონმდებლო დონეზე განხილვა და ერთიანი სახელფასო ანაზღაურების სისტემის შემოღებაა.

სახელფასო დანამატების სისტემას აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი გიორგი კლდიაშვილიც და აცხადებს, რომ დანამატის ყოველთვიური გაცემა არასწორი პრაქტიკაა და ის მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იყოს მორგებული. 

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ამჟამად მუნიციპალიტეტი ამ საკითხის დარეგულირების მოდელზე მუშაობს. სახელფასო დანამატები გაიცემა იმ მოხელეებზე, რომელთაც აქვთ მაღალი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ათეულობით მილიონ ლარს განკარგავენ. მერიის განმარტებითვე, საჯარო მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის არსებული წესი წლის ბოლომდე იმოქმედებს. სახელფასო დანამატებზე თბილისის მერიის ამ განცხადების გავრცელების შემდეგ მუნიციპალიტეტში დამატებითი განმარტებები აღარ გაკეთებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები