09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
პან გი მუნი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს გაეროს გენერალური მდივანი. პან გი მუნი შეშფოთებულია უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარებით და მსხვერპლით მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

"გენერალური მდივანი მხარეებს მოუწოდებს ნებისმიერ ფასად აარიდონ თავი ვითარების გამწვავებას, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. გაერო მზად არის მხარი დაუჭიროს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება ვითარების დეესკალაციისკენ და სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სტაბილურობის აღდგენისკენ," - ნათქვამია განცხადებაში.

დონეცკის მახლობლად საცხოვრებელი სახლების დაბომბვას წუხელ ორი ბავშვი ემსხვერპლა. გარდაცვლილები 7 და 16 წლის ძმები არიან, მძიმედ დაიჭრა მათი 8 წლის და. დაღუპულია ახალგაზრდა ქალიც.

ამ დროისათვის დაძაბულობის მთავარ კერად დონეცკის აეროპორტი რჩება. ანტი-ტერორისტული ოპერაციის ცენტრის ინფორმაციით, უკრაინის ძალები მთლიანად აკონტროლებენ დონეცკის აეროპორტს. სეპარატისტების ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ უკრაინული ჯარის ყველა შეტევა მოიგერიეს.

საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უკრაინული მხარე რუსეთს მინსკის ვალდებულებების შესრულების გრაფიკზე ხელმოწერას და დღეიდან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს.

დღის ამბები