17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს - პრეზიდენტი 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 13 ივნისის სტიქიიდან ორი წლის თავს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მომავალი უკეთესი იქნება მაშინ, თუ ამ ტრაგედიიდან საჭირო გამოცდილებას გამოვიტანთ და ხელისუფლებისა თუ საზოგადოების ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი პროექტი თუ წამოწყება ადამიანთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უზენაესობაზე დაფუძნდება. 

"ორი წელი გავიდა დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღის შემდეგ. 13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას.
ტრაგედიის მომდევნო დღეებმა საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი, კატასტროფული შედეგების აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა.

"სამწუხაროდ, თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერაფრით შეამსბუქებს. მაგრამ განსაცდელში ერთიანობის, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ერთმანეთისა და ქვეყნისთვის გარჯის გმირული პრეცედენტები მომავლისადმი ოპტიმიზმს გვიძლიერებს.

"ეს მომავალი კი უკეთესი იქნება მაშინ, თუკი ამ ტრაგედიიდან საჭირო გამოცდილებას გამოვიტანთ და ხელისუფლებისა თუ საზოგადოების ნებისმიერ ნაბიჯს, ნებისმიერ პროექტსა თუ წამოწყებას ადამიანთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უზენაესობაზე დავაფუძნებთ," - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები