09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ევროპა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით მოამარაგებს

ევროკავშირი უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ამარაგებს, - ამის შესახებ თავად პეტრო პოროშენკომ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ჯარები, რათა ქვეყნის საზღვარი უკრაინამ თავად გააკონტროლოს.

„მშვიდობის დამყარებისთვის საჭიროა, რომ რუსეთის ჯარმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია.  საზღვარი კი ჩვენმა მესაზღვრეებმა უნდა გააკონტროლონ. უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია უკვე გვაქვს. მათი მოწოდება ევროპიდან 13 ოქტომბრისთვის დასრულდება. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება საჭირო ტექნიკა, რომ რუსეთთან საზღვრის სრული კონტროლი შევძლოთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც გუშინ კიევის მახლობლად მდებარე მესაზღვრეთა ბაზაში იმყოფებოდა.

დონეცკში კი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ ტერორისტებმა კვლავ დაბომბეს აეროპორტი გრადის ტიპის საარტილერიო სისტემებით, თუმცა უკრაინულმა არმიამ შეტევები წარმატებით მოიგერია.

სეპარატისტებსა და ჯარს შორის დონბასის ოლქის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც შეტაკებების შედეგად დაიღუპა 5 უკრაინელი სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

ამავე დროს მესაზღვრეებმა ყირიმში რუსული ძალების როტაცია დაადასტურეს. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საზღვრის გაძლიერებული კონტროლის გარეშე მშვიდობის დამყარება შეუძლებელია და ეუთოს ათას 500 დამკვირვებლის ჩასვლას აუცილებლობად მიიჩნევენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები