03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
დაპირისპირება ნიკა მელიასა და ისნის გამგებელს შორის

ნიკა მელიასა და ისნის რაიონის გამგებელს შორის მერიასთან მიმდინარე აქციის დროს დაპირისპირება მოხდა. მთავრობის სხდომაზე მისულ ვახტანგ ქიზიყურაშვილს მერობის ყოფილმა კანდიდატმა მას რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები შეახსენა, რომელშიც ბესიკ დონაძე მას სამსახურის დატოვების მოთხოვნით ზემოქმედებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ისნის რაიონის გამგებელმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მას სამსახურიდან უკანონოდ არავინ გაუთავისუფლებია.

ნიკა მელიამ ქიზიყურაშვილს მისი და ირაკლი აბესაძის მთავრობის სხდომაზე შეყვანა სთხოვა, რაზეც ქიზიყურაშვილმა უარი განაცხადა და მელიას განუმარტა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ის დამოუკიდებლად ვერ იღებს. გამგებელი მერიასთან შეკრებილ პირებს საკითხის გარკვევას დაჰპირდა, თუმცა აქცია თბილისის მერიასთან ისე დასრულდა, რომ მელია და აბესაძე სხდომაზე არ შეუშვეს.

მერობის ყოფილი კანდიდატი აცხადებს, რომ აქციის მსვლელობისას მერიის შესასვლელში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო მობილიზებული. მისივე თქმით, ე.წ. სუს-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აქციის მონაწილე წააქცია და გაიქცა.  

მერიაში მთავრობის სხდომა, რომელზე დასწრებასაც დღეს ნიკა მელია უშედეგოდ ცდილობდა, ამ დრომდე გრძელდება. შენობის გარეთ მიმდინარე აქცია კი დასრულებულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები