03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ბაგა-ბაღებში - "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერს ადანაშაულებს

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით,  "ბაგა-ბაღების სააგენტოს" უფროსის, თემურ თორდინავას, დავალებით ბაგა-ბაღების დირექტორები საკუთარ მოადგილეებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას სთხოვენ. 

ამის შესახებ განცხადება ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ბაგა-ბაღებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პრობლემაზე ისაუბრა.  

როგორც ირაკლი აბესაძემ განაცხადა, "დავით ნარმანიამ და "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე ვერ დაიკმაყოფილეს ნეპოტისტური ინტერესები და 2015 წლის იანვრიდან იწყებენ ახალ ტალღას საკუთარი ნათესავების და პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად".

"2015 წლიდან დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით მერიის სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ 227 ერთეულით გაიზარდა. ამასთან, გამგეობების შტატები გაზარდეს 118 კაცით და იანვრიდან დამატებით 161 კაცით გაიზარდა გამგეობებისთვის ხელშეკრულებით ასაყვანი ადამიანების რიცხვი, ანუ ჯამში, 2015 წელს გამგეობების შტატები გაიზრდება 279 კაცით," - განაცხადა აბესაძმე. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" აგრძელებს უკვე დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლას. 

"ამჯერად თბილისის მერიის ,,ბაგა-ბაღების სააგენტოს" უფროსის, თემურ თორდინავას დავალებით, ბაგა-ბაღების დირექტორებმა საკუთარ მოადგილეებს მოსთხოვეს განცხადებების დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დავალება მომდინარეობს თბილისის მერის, დავით ნარმანიასგან და გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მას, რომ აღნიშნული მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და როგორც ბატონ თორდინავას, ასევე მისთვის ამგვარი უკანონო დავალების მიმცემი ყველა თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, თუკი უახლოეს პერიოდში ბაგა-ბაღების დირექტორების მოადგილეებს ერთდროულად "ნებაყოფლობით" მოუნდებათ უმუშევრად დარჩენა." - განაცხადა აბესაძემ. 

ამასთან, როგორც აბესაძე ამბობს,  ქალაქის მერმა და მთავრობამ იმუშაონ თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე, ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიული აქტივისტებისა და ნათესავების პრობლემების მოგვარებით და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნით არიან დაკავებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები