09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
30 მოკლული და 100-მდე დაშავებული - მარიუპოლის დაბომბვა უკრაინაში

მარიუპოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30–მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 100–ს აღწევს. გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია.

პრორუსი სეპარატისტები ადასტურებენ, რომ ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებზე შეტევა სწორედ მათ განახორციელეს.

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრე ზახარჩენკოს, თქმით, მომდევნო დღეებში მებრძოლები დებალცევოს მოაქცევენ ალყაში და შურს იქაც იძიებენ.

უკრაინელი სამხედროები ხელმძღვანელობით უკმაყოფილოები არიან. ისინი ამბობენ, რომ გენერლები არასწორ ბრძანებებს გასცემენ და ამის გამო ძალიან ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.  

აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ვითარებაა. ინტენსიურად იბომბება დასახლებული პუნქტები. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვს აკისრებს და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს.

საპორტო ქალაქზე განხორციელბული იერიში უკვე დაგმო ევროკავშირმა და რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

დღის ამბები