03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
საგამოძიებო სტრუქტურებში საკადრო ცვლილებები არასამთავრობო სექტორს კითხვებს უჩენს

ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული პროკურორების თანამდებობიდან წასვლა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური განხილვის თემა გახდა.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ასევე პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეიკრიბნენ.

ყველა მათგანი თანხმდება, რომ პროკურორების ერთდროულად გადადგომა უფრო მეტად ამწვავებს ეჭვს მათ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვებს ძირითადად, ორი მიმართულებით - თუ არ ჰქონდათ პროკურორებს და ძალოვან მაღალჩინოსნებს შეხება ვაზაგაშვილების საქმესთან, ისინი არ უნდა გადამდგარიყვნენ, ხოლო თუ ჰქონდათ შეხება, მხოლოდ გადადგომა საკმარისი არ არის და უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

„იმ შემთხვევაში, თუ მათი ბრალეულობა არ იკვეთება, მაშინ გაუგებარია, რატომ წავიდნენ სამსახურებიდან, თუ იკვეთება, მაშინ ისინი პირდაპირ განცხადების საფუძველზე არ უნდა წასულიყვნენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

საგამოძიებო სტრუქტურებში განხორციელებულ საკადრო წმენდას დადებითად აფასებს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილიც, თუმცა მისი მოსაზრება ემთხვევა სამოქალაქო სექტორის პოზიციას, რომ მათი წასვლის მოტივები უნდა დადგინდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები