03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
"მას ია მეტრეველი უნდა მოეკლა," - სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

საქმე ეხება ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიერ სახალხო დამცველის ოფისისთვის მიწოდებულ ინფორმაციას პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ.

აღნიშნულ პირზე დაყრდნობით, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავამ მსჯავრდებულს ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ მას უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისაცემდა ვაზაგაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.

მსჯავრდებული ირწმუნება, რომ ირაკლი ფირცხალავა მას ნარკოდანაშაულზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდა. მისივე თქმით, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და გარიგებას დათანხმდა. მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას მკვლელობა ერთ-ერთ მაღაზიაში ვითომ ყაჩაღობის მიზნით შევარდნისას უნდა ჩაედინა, რის შემდეგაც მას დააკავებდნენ, თუმცა ციხეში პრივილეგირებულ პირობებში ამყოფებდნენ, მათ შორის ნარკოტიკებითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა.

მსჯავრდებული ამ შეთანხმებიდან მალევე საქართველოდან წავიდა, აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს დაბრუნდა და შეხვდა შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომლებმაც დაკვეთილი მკვლელობის გადავადება მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ საქმე აქტუალური აღარ იყო. მოგვიანებით, მსჯავრდებულმა კიდევ ერთხელ დატოვა საქართველო, თუმცა დაბრუნებისთანავე დააკავეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა.

სახალხო დამცველის თქმით, ამ მოწმის და მკვლელობის დაკვეთის შესახებ ინფორმაცია ია მეტრეველმა არაერთხელ გააჟღერა, თუმცა მოწმე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებდა წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე მას შემდეგაც, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან აზრი შეიცვალა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით, სახალხო დამცველს ეს ინფორმაცია მიაწოდა.

უჩა ნანუაშვილმა მსჯავრდებულის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით სასჯელაღსრულების მინისტრს გიორგი მღებრიშვილსაც მიმართა.

სახალხო დამცველი პროკურატურას ამ საქმის გამოძიებას და აღნიშნული მოწმის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

 

დღის ამბები