03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
დადგება თუ არა დავით ცინარიძის პასუხისმგებლობის საკითხი?

"ნაციონალური მოძრაობა" სკანდალურ ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი, ეკა ყურშიტაშვილი, პატრულის თანამშრომელს სამსახურიდან გაგდებით ემუქრება. შემდეგ კი საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს, ტელეფონით უკავშირდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ეს ვიდეო მათ თავად მოიპოვეს. ცნობილია, რომ სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი, რომელმაც ვიდეოზე აღბეჭდილი ქალის ავტომობილის ნომერი გასაჩერებლად სხვა ეკიპაჟს გადასცა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაზე საუბრობენ.

„ეს არის შედეგი იმისა, რომ წელიწადნახევარი მინისტრი იყო ჭიკაიძე, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი ავტორიტეტი არ ჰქონდა საზოგადოებაში. ამ ვიდეოდან ჩანს, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი, სამწუხაროდ, შეეჩვია, რომ შეუძლია, აგდებულად ესაუბროს პატრულს და ჩანს ისიც, რომ პატრული თავს დაცულად ვერ გრძნობს,“ - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დეტალები უნდა გაირკვეს და, თუ დადასტურდა, რომ მომხდარში ჩართულები არიან თანამდებობის მაღალჩინოსნები, მაშინ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

შსს-ს ამ თემაზე განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მომხდარს არ გამოხმაურებია არც მთავარი გმირი, დავით ცინარიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები