03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ახალგაზრდა გოგონა მისი გამტაცებლის გათავისუფლებას ითხოვს

ჯუდუ ქაჯაია, ძმასთან და მეგობრებთან ერთად, 27 იანვარს სოფელ ბაილეთში დააპატიმრეს. მას შეყვარებული გოგონას გატაცება ედება ბრალად, რომელიც, მისი მტკიცებით, მეზობელ სოფელში მასზე დაქორწინების მიზნით წაიყვანა. სოფელში ჩასულები კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

დაკავება გოგონას მამის შეტყობინების საფუძველზე მოხდა. სულიკო ვანაძე პოლიციის გამოძახებას ადასტურებს, თუმცა სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ჯუდუ ქაჯაიას და მისი მეგობრების დასჯა მისი სურვილი არ არის.

დაცვის მხარის მტკიცებით, სულიკო ვანაძის მიმართ ზეწოლის შედეგად მიცემული ჩვენება საქმეში ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ბრალდებულებისთვის 10-წლიან სასჯელს ითხოვს.

ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ ქაჯაიამ შეყვარებული წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად მაინც გაიტაცა.

ამ ვერსიას არ ადასტურებს თავად მზია ვანაძე, რომლის ერთადერთი მოთხოვნა ქმრის გათავისუფლებაა.

აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულ ბრალდებულს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 9000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებულების ოჯახი აცხადებს, რომ თანხის გადახდას ვერ შეძლებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალში არ დარჩება, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მზია ვანაძე ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქმრის დაბრუნების მოთხოვნით, ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები