05 ოქტომბერი 2024,   22:15
ვრცლად
მოსახლეობას ახალი წელი პატრიარქმა, პრეზიდენტმა და პრემიერმა მიულოცეს 

მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წლის დადგომა მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას იმ დარბაზიდან მიმართა, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„უზენაესი მიზანი არის ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად. მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და უფრო ეფექტური განათლების სისტემაა. განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ახალი წელი ბაკურიანიდან მიულოცა მოსახლეობას ქვეყნის პრემიერმინისტრმა.

„მინდა საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლაც, ამ წუთებშიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს, საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კი, საახალწლო მიმართვაში მრევლი დალოცა. ილია მეორემ ქვეყანაში მოზარდებს შორის ძალადობის შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხალხს მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას, მაგრამ არ გვესმის რა არის ბედნიერება და რაშია ბედნიერება. ბედნიერება ის არის, როცა ადამიანი კმაყოფილია სულიერად და მატერიალურად. როცა ადამიანი დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა,“ - განაცხადა პატრიარქმა.

დღის ამბები