მსოფლიო ახალი წლის დადგომას ზეიმობს. ევროპის ყველა დიდ ქალაქში 2018 წელს ფოიერვერკით შეხვდნენ. ლონდონში, პარიზში, ბერლინსა და ბრიუსელში გრანდიოზული სანახაობა და კონცერტები გაიმართა. წელს გამორჩეული იყო დუბაიც.
საახალწლო ლაზერული შოუს გამო ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. ტრადიციულად ბრაზილიელებმა ახალი წლის დადგომა რიოს კოპაკაბანას სანაპიროზე იზეიმეს. ნიუ იორკში კი საახალწლო წვეულება Times square-ზე გაიმართა.
12 გრადუსიანი ყინვის მიუხედავად ნიუ იორკის ცენტრში 2018 წელის დადგომა ორმა მილიონმა ადამიანმა ერთად იზეიმა. ღამის 12 საათზე ქალაქის მერმა ღილაკს ხელი დააჭირა და გიგანტური ბროლის ბურთიც დაეშვა. ამ ტრადიციას საფუძველი 1907 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ ნიუ იორკელები და ქალაქში ჩასული ტურისტებიც ახალ წელს Times square-ზე ეგებებიან.
გრანდიოზული ფოირვერკით აღნიშნეს ახალი წლის დადგომა რიოს კოპაგაბანას სანაპიროზე. ტონობით პიროტექნიკა ხმელეთიდან და ზღვაში ბარჟებიდან ზუსტად ღამის 12:00 საათზე გაუშვეს.
საახალწლო წვეულების ეპიცენტრი პარიზში ელისეს მინდვრები იყო. 2018 წლის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე ორ კილომეტრიან ქუჩაზე მყოფი მოზეიმეებისთვის ლაზერული შოუ დაიწყო. თუმცა, პარიზელებისთვის წელს სპეციალური აკრძალვები ძალაში დარჩა. მოსახლეობას პეტარდების გამოყენების გარდა, აუკრძალეს ღია ცის ქვეშ მიმდინარე წვეულებაზე შუშის ბოთლების მიტანაც. წუხანდელი ღამის შემდეგაც, ამ დრომდე პარიზში, უსაფრთხოების მიზნით 10 ათასი პოლიციელია მობილიზებული.