კიევის ადმინისტრაციული სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ დაობს. მიხეილ სააკაშვილი, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, განსაკუთრებული დაცვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.
კიევის ადმინისტრაციულ სასამართლოში მისვლამდე მიხეილ სააკაშვილი, სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა. პროკურატურა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას ითხოვს. პროცესი 11 იანვარს განახლდება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას უკრაინაში დიდი მხარდაჭერა აქვს და ამიტომ მის მეორედ დაპატიმრებას ერიდებიან.
„ნახეთ, რომ დღეს ძალიან ბევრი ხალხი იყო სასამართლოში და ვერ გაბედეს კიდევ ერთხელ ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღება. რატომ ვერ გაბედეს? იმიტომ რომ ეშინიათ ხალხის, ხალხის რეაქციის. იმიტომ რომ ტყუიან. უკრაინაში მე მაქვს ფენომენალური მხარდაჭერა, საკმარისია გაიაროთ ქუჩებში. მე არ მახსოვს ბოლოს ვინმე ყოფილიყოს ასეთი მხარდაჭერილი, ასეთი პოპულარული უკრაინაში. და ეს ძალიან დიდი ფაქტორია, როდესაც არის ძალიან სუსტი ხელისუფლებაა და ეს ხელისუფლება არის უსუსტესი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ადვოკატები ამბობენ, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილები და გამარჯვების იმედი აქვთ.
ავტორი: ზურა ხვისტანი