11 ოქტომბერი 2024,   21:36
ვრცლად
ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს და რაღაც ხომ უნდა შექმნან - მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის განცხადებას პასუხობს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას ეხმაურება, სადაც სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან ერთად გადაადგილდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, ძალოვანი უწყება მომხდარის გადაფარვას ცდილობს.

რაც შეეხება უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას აღმოჩენილია მტკიცებულების სახით თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშები, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მის შვილს არანაირი საბანკო ანგარიში არ ჰქონდა.

„არანაირი მაგას საბანკო ანგარიში არ ჰქონია. მაგათ რა ამოიღეს რა არა, მე არ ვიცი. ევროპაში მეც მყავს საძმო, 100, 200 დოლარი თუ ვინმემ გამოგზავნა, ეგ იქნება. სხვა არანაირი საბანკო ანგარიში არ არის. ჩემგან გერმანიიდან ჩამოტანილი ფული აქვთ მაგათ წაღებული, დღეს აქ არის ჩამოსული ის, ვინც გერმანიაში 6 წელი იმყოფებოდა, ჩემი გოგო. უნდათ, რომ სადღაც ვითომ თემირლანის ფული იგზავნებოდა... ეს აბსურდია. ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს და რაღაც ხომ უნდა თქვან, რაღაც ხომ უნდა გააკეთონ, ხომ უნდა შექმნან," -აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სუს-ის მიერ დასახელებულ პირებს ის საერთოდ არ იცნობს. 

„თბილისში თუ ჩეჩენია ყველა ერთმანეთს იცნობს. ბორზიევი ვინ არის არ ვიცი, არც მეორე ვიცი ვინ არის, საიდან უნდა ვიცოდე. გვარებით როგორ გითხრათ, არ ვიცნობ არც გვარებით არც სახელებით. ჩემი ჩეჩნური, ქისტური, კაცური, ალაჰის წინაშე ვაცხადებ, საქართველოს წინაშე - აზრადაც რომ მოსვლოდა ჩემს შვილს, სიზმრადაც რომ მოსვლოდა რაღაც ცუდის გაკეთება, მე მაგას ჩემი ხელით დავახრჩობდი. გაიგოს ყველამ ბოლოს და ბოლოს,“ - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები