11 ოქტომბერი 2024,   21:37
ვრცლად
გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები - გამოძიება ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატით ინტერესდება 

გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები - გამოძიება ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატით ინტერესდება. ამჟამად ბათუმის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და წარსულში ბათუმის კორპუსის ხელმძღვანელი სუს-მა დაკითხა. „კურიერის“ ინფორმაციით, ზურაბ ნინიკაძეს ბათუმში ერთი-ერთი სპორტული მოედნის მშენებლობიდან გაფლანგულ რესურსებს ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ნინიკაძის კომპანია ხელვაჩაურიდან შემოერთებულ ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მშენებლობაში იყო ჩართული.

ნინიკაძე ადასტურებს, რომ 28 დეკემბერს სუს-ის ქვემდებარე უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა არ აკონკრეტებს, უკავშირდებოდა თუ არა ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება ზემოაღნიშნულ შემთხვევას.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დაკითხვის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. სულიკო თებიძის თქმით, ის საქმის კურსში არ არის, რას ედავებიან „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ლიდერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი ამტკიცებენ, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დაკითხვა კორუფციულ გარიგებებს უკავშირდება.

რა ეტაპზეა გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია. სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს დღეს მიმდინარე გამოძიებაზე განმარტებები არ გაუკეთებია.

ავტორები: თეა ვარშალომიძე

დღის ამბები