21 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
იბრაგიმ ადაშევი და ჩატაევის თანამებრძოლები ორი წლის განმავლობაში საქართველოში ლეგალურად შემოდიოდნენ - მექა ხანგოშვილი 

პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ მტკიცებულებებს არ იზიარებენ. ადგილობრივების თქმით, მასალაში ჩანს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი კადრში ასახულ პირებს იცნობდა, თუმცა ამით მისი ტერორისტებთან კავშირი არ დასტურდება. პანკისში ჩასვლას გეგმავენ დაკავებულების ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტიც. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას პანკისის ხეობიდან ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი გამოეხმაურა. ხანგოშვილი ამბობს, რომ ძალოვანი უწყების მიერ დასახელებული პირები, რომლებიც წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ.

მისივე თქმით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები პანკისის ხეობაშიც ჩადიოდნენ, თუმცა ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ.

„პირადად მე ამ კადრებმა არაფერი არ მომცა. არანაირი რეალური მტკიცებულება აქ არ არის. იბრაგიმ ადაშევი და ჩატაევის თანამებრძოლები ორი წლის განმავლობაში შემოდიოდნენ საქართველოში ლეგალური გზით. როგორც ტურისტი აცნობდნენ თავს, პანკისის ხეობაში ბევრჯერ იყვნენ და ასე შემდეგ, ანუ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს მხარეში. ამ ადამიანებთან ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეც, ჩემს კართან, რომ მოსულიყვნენ და დაეკაკუნებინათ, მათ შუბლზე არ აწერიათ რომ ინტერპოლით არიან ძებნილები და ტერორიზმში თანამონაწილე, თუ მართლა ასეთები იყვნენ სახელმწიფოს უსაფრთხოების ზომები უნდა დაეცვა და ისინი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა,“ - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

ტერორიზმთან 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს უარყოფს დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახიც. ელენე მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ დასახელებული პირები მის ოჯახში არასდროს ყოფილან.

„თემირლანს მაგ ჯგუფთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა. უბრალოდ მთელი თბილისი სავსეა ჩეჩნებით. შეიძლება ახალგაზრდებთან გაივლიდა-გამოივლიდა, ამის მეტი პოზიცია მე არ მაქვს. არაფერი არ ვიცი, უბრალოდ ის ვიცი, რომ ჩემი ოჯახი არაფერში დამნაშავე არ არის. არავითარი კავშირი, არავითარი მისვლა-მოსვლა, ჩემს ოჯახში უცხოს შემოსვლა არ მომხდარა,“ - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია ელენე მაჩალიკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები