06 ოქტომბერი 2024,   10:51
ვრცლად
შობის მახარობლებს დღესასწაული პრეზიდენტმა მიულოცა

ქრისტეშობის მახარობელთა საზეიმო მსვლელობა თბილისში დასრულებულია.

ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დაასრულეს, სადაც მათ დღევანდელი დღის განმავლობაში შეგროვებული საჩუქრები და ნობათი დააბინავეს.

მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და მომლოცველებს გზადაგზა მორწმუნეები და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხვდებოდნენ. ქრისტესშობის მახარობლები რამდენიმე ლოკაციაზე შეჩერდნენ, მათ შორის პარლამენტთან, სადაც მათ დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა მიულოცეს.

ალილოს მონაწილეები იმყოფებოდნენ ასევე საკრებულოსთან. აქ მათ შობის დღესასწაული საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა მიულოცეს.

ბოლო ლოკაცია პრეზიდენტის სასახლე იყო. შობის მახარობლებს საახალწლო ნობათი პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გადასცეს.

„გილოცავთ შობას და მშვენიერია, რომ შობა გრძელდება ამ ემოციით, როდესაც პატარა ბავშვები და მომლოცველები მოდიან. ჩვენ მათ ვუნაწილებთ სიხარულს, ვუნაწილებთ მცირე ძღვენს და ეს მცირე ძღვენი მერე განაწილდება კიდევ იმ ადამიანებზე, ვინც შედარებით შეუძლო არიან ან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგროვებული საშობაო ნობათი მოგვიანებით მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადაეცემათ. 

დღის ამბები