საქართველოს და ევროპის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლიდან ევროკომისია პირველ დასკვნას აქვეყნებს, საიდანაც რეკომენდაციებთან ერთად ოფიციალურმა თბილისმა გაფრთხილება მიიღო, თუმცა დოკუმენტში გაწერილი შენიშვნები ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი არ გახდება. ევროკომისია დასკვნაში მიუთითებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. გარდა ამისა, ევროკომისია დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება ევროპაში ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების ჩართულობა და მონაწილეობა. ევროპელი ექსპერტების მონაცემებით ქართველების მხრიდან ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.
მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ევროკავშირი არ აპირებს.
დასკვნაში მოყვანილ ფაქტებში საშიშროებას ხედავს ოპოზიცია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს სავალდებულო რეფორმები დროულად განახორციელოს.
საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა უკვე მეათე თვეა ამოქმედებულია. ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.