21 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
"მან დახმარება გაუწია ახმედ ჩატაევს საქართველოში უკანონო შემოსვლაში"-პროკურატურა ბერძენიშვილისთვის პატიმრობას ითხოვს

საქალაქო სასამართლო ამ წუთებში, ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სამების ტაძრის მშენებელს უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის ხელშეწყობასა და დაფინანსებაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, ბერძენიშვილისთვის პატიმრობას მოითხოვს. დაცვის მხარე კი თვლის, რომ ანატოლი ბერძენიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული. 

ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ვერ მოასწრეს საქმის მასალების გაცნობა, რადგან ის საკმაოდ მოცულობითია, თუმცა ანატოლი ბერძენიშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბრალდებული ახმედ ჩატაევს იცნობდა. ასევე მეგობრობდა ჩატაევთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ მარგოშვილთან.  

„17 წელია მარგოშვილს იცნობს, მეგობრობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და საქმიანი ურთიერთობაც აქვთ. ანატოლი ბერძენიშვილი ხშირად გადადიოდა თურქეთში, ვინაიდან ის აშენებდა ტაძრებს და მასალა გადმოჰქონდა თურქეთიდან,“-განაცხადა მაია სირაძემ.

ანატოლი ბერძენიშვილის ახმედ ჩატაევთან ნაცნობობას ადასტურებს მისი მეორე ადვოკატიც. ინგა ბოლოთაშვილი ამბობს, რომ ეს ნაცნობობა შედგა სავარაუდოდ 2013 წელს, როდესაც ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში.

„სავარაუდოდ ეს ნაცნობობა შედგა  2013 წელს, როცა ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში,“-განაცხადა ინგა ბოლოთაშვილმა.

მისივე თქმით სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალს არ არსებობს. 

ბრალდების მხარის მტკიცებით კი სწორედ ანატოლი ბერძენიშვილი დაეხმარა ახმედ ჩატაევს საქართველოს საზღვართან მოახლოებაში, გარდა ამისა, პროკურორის თქმით ბვრალდებული ჩატაევს უზრუნველყოფდა სხვადასხვა რესურსებით. 

„ანატოლი ბერძენიშვილს ბრალი ედება მასში, რომ მან გაუწია მომსახურება ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და უზრუნველყო ისინი რესურსებით კერძოდ, ეს გამოიხატა იმაში, რომ მან დახმარება გაუწია ახმედ ჩატაევს საქართველოში უკანონო შემოსვლაში. კერძოდ, თურქეთში ქალაქ ხოფაში ის შეხვდა მას და მის თანამზრახველებს რის შემდეგაც უზრუნველყო მისი ტრანსპორტირება საქართველოს სასაზღვრო ზოლთან ახლოს, რის შემდეგაც ჩატაევი შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე,“-განაცხადა პროკურორმა ნანა ხუნჯუამ და აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს რადგან ეს დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.

სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. 

დღის ამბები