21 დეკემბერი 2024,   18:06
ვრცლად
"შეთანხმება მეტყველებს, რომ სამხრეთ ოსეთი ავითარებს მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან"- მურად ჯიოევი

რუსეთის სათათბიროს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსული არმიის შემადგენლობაში შესვლის დაკანონებას, ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოეხმაურნენ. ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელის, მურად ჯიოევის თქმით, ეს შეთანხმება არ იმოქმედებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსზე.

„ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის იდება, არის ორმხრივი. ისინი შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მიმართულია სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად. სახელმწიფოებს შეხება ამ შეთანხმებასთან არ აქვთ. ჩვენ ვამაგრებთ და ვავითარებთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით. ეს შეთანხმება არ იმოქმედებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსზე. პირიქით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთი უზრუნველყოფს საკუთარი ხალხის უსაფრთხოებას და ავითარებს მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ეს გვაძლევს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას და იმის გარანტიას, რომ სამხრეთ ოსეთი მეტჯერ აღარ გახდება აგრესიის მსხვერპლი,“- განაცხადა ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა, მურად ჯიოევმა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის თქმით, საკითხი ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა.

„დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მსჯელობა არ გვქონია. ეს არის ღრმად პოლიტიკური საკითხი და ერგნეთის შეხვედრებზე ჩვენ პოლიტიკურ საკითხებზე არ ვსაუბრობთ. სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ შეთანხმებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ტერიტორია არის ოკუპირებული და ტერიტორიაზე წარმოდგენილია რუსეთის საოკუპაციო ძალა,“- განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ.

 

დღის ამბები