21 დეკემბერი 2024,   16:11
ვრცლად
ბეტონის ცათამბჯენი - ატენის ქუჩის მოსახლეობამ ომბუდსმენის ოფისთან აქცია გაიმართა

ატენის ქუჩის მოსახლეობის აქცია გაიმართა სახალხო დამცველის ოფისთან. ადგილობრივები 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და მერიას გადაწყვეტილების გადახედვას თხოვენ. მათი განცხადებით, ბეტონის ახალი ცათამბჯენი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით შენდება.

„ყველა სამართლებრივ მეთოდს მივმართავთ, სახალხო დამცველის ოფისთან მოსვლის და განაცხადის გაკეთების ჩათვლით, რომ ეს პროცესი არ გავიდეს სამართლებრივი ნორმების გარეთ,“ - განაცხადა მსახიობმა, ერთ-ერთმა დაზარალებულმა ეკა ანდრონიკაშვილმა.

საქმეს სხვა დაზარალებულებიც ყავს. 190-მდე ადამიანი 10 წელზე მეტია მშენებლობის დასრულებას და საკუთარი ბინების მიღებას ელოდებიან.

„დაზარალებულები ვართ ჩვენ, 300 კაცი. 300 ადამიანი ქუჩაში ვართ ხალხო, ეს არის არალოგიკური. ტყუილებზეა აგებული. არ არის 27 სართული, არის 22 სართული,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა დოდო ნიშნიანიძემ.

სახალხო დამცველი საკითხის კიდევ ერთხელ შესწავლას აპირებს. 

„შემოტანილ იქნა განცხადება სახალხო დამცველის სახელზე და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ რა ნაბიჯები გადადგა მუნიციპალიტეტმა და მოხდა თუ არა ამჯერად დასაბუთება სათანადოდ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის პროცესში დაცული იყოს საზოგადოების ინტერესები, პირველ რიგში საკუთრების უფლება, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

 

დღის ამბები