21 დეკემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"აპირებდნენ 10 წუთში დაემთავრებინათ და უარი ეთქვათ..." - სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხის განხილვას სასამართლო 2 კვირაში დაუბრუნდება

კიევის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასრულდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობით, პროცესი 16 თებერვლისთვის გადაიდო. სასამართლომ სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლაც დაიწყო, თუმცა დაცვის მხარემ მიუთითა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 3 მარტს იწურება.

"სხდომის გადადება ვითხოვეთ, რადგან ვერ მივიღეთ პასუხი, თუ როგორ მოხდა მოსამართლეთა ხუთეულის ჩამოყალიბება. კოდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს უფლება შევამოწმოთ როგორ მოხდა შემადგენლობის ფორმირება და შეესაბამებოდა თუ არა ის კანონს, რადგან დღეს ამასთან დაკავშირებით დოკუმენტები ვერ მივიღეთ, მოვითხოვეთ სასამართლოს გადადება,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმა.

პროცესს შინა პატიმრობაში მყოფი ოდესის ყოფილი გუბერნატორიც ესწრებოდა. მისი თქმით იყო მცდელობა მისი სარჩელი გამარტივებული წესით განეხილათ და შემდგომ უარი ეთქვათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

"დღეს იყო გარკვეულწილად გამარჯვება იმიტომ, რომ აპირებდნენ 10 წუთში დაემთავრებინათ, გამარტივებული ცვლილებებით. მოტივაცია იყო, რომ არ არის მნიშვნელოვანი საქმე, გამარტივებულ პროცედურა და უარი ეთქვას და ახლა გადაიტანეს ორი კვირით იმიტომ, რომ ვამხილეთ რომ არასწორად დააკომპლექტეს კოლეგია. თან სამი თვე არ იხილავდნენ  იმიტომ, რომ სასამართლო შემადგენლობის შეცვლა უნდოდათ, იმიტომ რომ ძველი სასამართლო შემადგენლობა არ თანხმდებოდა. ჩამოიყვანეს სეპარატისტი მოსამართლე დონეცკიდან, რომელიც დათანხმდა მაგრამ ხალხს ვერ აგროვებენ, მოსამართლეებს სხვებს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესს დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესებს ესწრებიან და მხარდაჭერას გამოხატავენ ის ადამიანები, რომლებსაც მატერიალური დაინტერესება არ აქვთ და უკრაინის ბედი ანაღვლებთ.

შეგახსენებთ, რომ კიევის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელს განიხილავს. მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს გასული წლის სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტთან არსებულმა 9 კაცისგან შემდგარმა საბჭომ ჩამოართვა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში  იმყოფებოდა.

ავტორი: ზურა ხვისტანი.

დღის ამბები