21 დეკემბერი 2024,   16:00
ვრცლად
სკანდალური კადრები - „შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, მოკლული ჯარისკაცის, ბექა რუსიას ოჯახი დაკითხეს

„შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც მოკლული ჯარისკაცის  ბექა რუსიას ტელეფონში შენახული სკანდალური მასალა იყო ნაჩვენები, გამომძიებლები რუსიას დედის და ბებიის დასაკითხად დღეს მივიდნენ. ადგილზევე მოხდა ტელეფონის დათვალიერებაც, სადაც შემზარავი კადრები ინახებოდა.

ამ აუდიენციამდე ეკა რუსიამ გამომძიებელს კიდევ ერთი ჩვენება მისცა. პროკურატურის წარმომადგენელი ძირითადად მასალის წარმომავლობით დაინტერესდა. გამომძიებელს აინტერესებდა, იცოდნენ თუ არა მოკლული ჯარისკაცის დედამ და ბებიამ,როგორ მოხდა კადრების გადაღება და შემდეგ როგორ აღმოჩნდა ეს მასალა მათთან. ეკა რუსიამ დღეს მიცემულ ჩვენებაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა ოჯახის პოზიცია, რომ მათ პრეტენზია არა ფოტოებზე გამოსახულ ჯარისკაცებთან, არამედ მათ მეთაურთან აქვთ.

დღეს დაკითხვაზე ეკა რუსიამ იმ ვერსიაზეც ისაუბრა, რომელიც მათი ვარაუდით შესაძლოა ჯარისკაცის მკვლელობის მიზეზი გამხდარიყო. საუბარია ბექა რუსიას მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე. ოჯახის ინფორმაციით მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მორიგეობისას რუსიამ საზღვრის უკანონო კვეთისას რუსეთის მოქალაქე კონტრაბანდული ტვირთით დააკავა. ჯარისკაცმა ის დაკავებული ტვირთთან ერთად მეთაურებს გადასცა, თუმცა შემდეგ ინფორმაცია ვერც დაკავებულის და ვერც ჩამორთმეული კონტრაბანდის შესახებ მოიპოვა. მოკლულის დედა და ბებია ამბობენ, რომ ამ ფაქტის შემდეგ ბექას ხელმძღვანელებთან ურთიერთობა დაეძაბა და დანაყოფის დატოვება უნდოდა.

ბექა რუსია საოკუპაციო ხაზზე, მუჟავას საგუშაგოზე სამი თვის წინ მოკლეს. ამ საქმეზე გაუფრთხილებლობით სიკვდილისთვის ერთი ჯარისკაცია დაკავებული, რომლის საქმესაც უკვე სასამართლო განიხილავს, თუმცა მოკლული ჯარისკაცის ოჯახს მომხდარის ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

დღის ამბები