21 დეკემბერი 2024,   16:14
ვრცლად
გირგვლიანის საქმე და პრეზიდენტის განცხადებები - "ქართული ოცნება" შეწყალების უფლების შეზღუდვისთვის ცვლილებებს ამზადებს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალ შეტევას იწყებს. მიხეილ სააკაშვილის შემდეგ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაკეთებული განცხადებები გიორგი მარგველაშვილის კრიტიკის მიზეზიც ხდება. ყველაფერი ამ შემთხვევაშიც შეწყალების თემას ეხება. მმართველი პარტიის ლიდერები დღეს არ მალავდნენ, რომ ქვეყნის მეთაურის განცხადებები მათთვის მიუღებელია. ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა, რომ მაღალი თანამდებობის პირები, ვინც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს შეუშლის, ციხეში უფრო მკაცრი სასჯელით მოხვდებიან. ოცნების ლიდერს დღეს არ დაუმალავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული გიორგი მარგველაშვილის განცხადებები არ მოსწონთ და კანონის შეცვლაც ამის გამო გადაწყდა.

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაემუქრება, თუ შეწყალების უფლებას მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მოტივით გამოიყენებს. ოცნების პოლიტიკურ შტურმს და პატიმრობის მუქარას მალევე უპასუხეს პრეზიდენტის სასახლეში. გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ მდივანმა, ბიძინა ივანიშვილის გუნდი დღეს საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა.

ინიციატივას კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით უკვე გამოეხმაურა ოპოზიცია. შეწყალების საქმის გადაფარვის მცდელობად მიიჩნია "ქართული ოცნების" ინიციატივა "ნაციონალურმა მოძრაობამ."

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ შეწყალების უფლების გამოყენების გამო ყოფილი პრეზიდენტისთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებით მმართველ პარტიას გამოუვალ მდგომარეობაშია. ევროპულ საქართველოში კი მმართველ პარტიის ინიციატივას ფარსი უწოდეს.

დღის ამბები