21 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
სოციალურ ქსელში გავრცელებული, მეტროში დაკავების ხმაურიანი კადრები - მოსამართლემ დაკავებული პირები დარბაზიდან გაათავისუფლა

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულები მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. გიორგი სილაგაძეს და თეიმურაზ მენაბდიშვილს ამ ეტაპზე ადმინისტრაციული სახდელი არ დაეკისრათ.

ინციდენტი, რის გამოც გიორგი სილაგაძესა და თეიმურაზ მენაბდიშვილს ერთი ღამის გატარება წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუხდათ, გუშინ საღამოს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოხდა. როგორც გიორგი სილაგაძე ამტკიცებს, მას პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და გაუგებარია რა მიზეზით დააკავა ის და მისი მეგობარი პოლიციამ.

შემთხვევა ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ინციდენტი პოლიციას სამხრე კამერებითაც აქვს გადაღებული. პატრულის თანამშრომლებმა დღეს ეს კადრები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალასთან ერთად მოსამართლეს გადასცეს. მომხდარს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების განმარტებით გიორგი სილაგაძემ და თეიმურაზ მენაბდიშვილმა სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

თავის მხრივ პოლიციის თანამშრომლებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ სილაგაძისა და მენაბდიშვილის ადვოკატები.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები