კანონის უზენაესობის ინდექსის რეიტინგში საქართველოს პოზიციის 4 პუნქტით გაუარესებას ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წევრები ქვეყნის ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალზე საუბრობენ.
„კანონის უზენაესობა საქართველოში უარესდება. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. არის მნიშვნელოვანი სამართალდამცველი ორგანოების საჯაროობა და ღიაობა, რაც არ არსებობს საქართველოში. მუხთარლის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე, უმცირესობები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური დევნა. აი, ეს კომპონენტები უარესდება და შესაბამისად, მოხდა 4 ერთეულით ვარდნა, რაც რეალურად საგანგაშო სიგნალია,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, სერგი კაპანაძე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
„როდესაც ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური დევნა, როდესაც არის შეტევა თავისუფალ მედიაზე, როდესაც არის არაფორმალური მმართველობა, როდესაც ხდება ინსტიტუტებზე შეტევა, მათ შორის პრეზიდენტის და თავისუფალი სასამართლოს ინსტიტუტებზე, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია მსგავსი გაუარესება. ეს არის ძალიან სამწუხარო და კარგად აჩვენებს, თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსის რეიტინგში 38-ე პოზიცია დაიკავა. ახალი კვლევა, რომელიც 2017-2018 წლის მონაცემებს ასახავს, ორგანიზაცია მსოფლიო სამართლიანობის პროექტმა გამოაქვეყნა.
რეიტინგში სულ 113 ქვეყანაა შესული. მაჩვენებელით საქართველოს ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორიც ჩილე, კოსტა რიკა, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ურუგვაი და ბარბადოსი არიან. რეიტინგის პირველ ხუთეულშია დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები.
შეერთებული შტატები მე-19 ადგილზეა, უკრაინა 77-ე პოზიციაზე მოხვდა, რუსეთი კი 89-ზე. ყველაზე ცუდი მდგომარეობა, კვლევის თანახმად, ვენესუელაშია, რომელიც კვლევაში 113-ე პოზიციას იკავებს.
მსოფლიო სამართლიანობის პროექტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით ვითარება გაუარესდა, რადგან, წინა წელთან შედარებით, ინდექსმა 4 პოზიციით ქვემოთ ჩამოიწია. 2016 წლის მონაცემებით, რეიტინგში საქართველო 34 პოზიციას იკავებდა.
ავტორი: თაკო სურგულაძე