ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. 75-კაციანი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ოპოზიციურმა პარტიამ დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაზე აირჩია.
„ჩვენ ყველანი ერთად და მთელი ქართული საზოგადოება, არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილის ქართულ ოცნებას, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკური ჭაობში დატოვოს. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დააკარგვინოს ისტორიული შანსი, რომ სრულფასოვნად თავისუფალი, ევროპული და კეთილდღეობისკენ სწრაფვაში მყოფი ქვეყანა იყოს,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, პარლამენტის არჩევნებში ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.
ეს ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი იყო, სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა. შესაბამისად, ამ ოლქში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები აპრილის ბოლოს და სწორედ ამ ოლქში მაჟორიტარობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს.
„ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება, ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ სახეებს ქუჩაში. სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, უმუშევრობასთან, კრიმინალთან. ჩვენ ვაგებთ და ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავის და ქვეყნის პერსპექტივის. ამიტომ მივიღე მე ეს გამოწვევა. ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია, იყოს ცვლილებების მედროშე და ავანგარდი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს ხონსა და ვანში, ოპოზიცია გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც.
„თუკი ვიქნებით კონსოლიდირებული, 2018 დიდი შემობრუნების და იმედის წლად შეიძლება ვაქციოთ. მე მინდა შევთავაზო თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
განცხადება გააკეთა ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა, დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ „ჩვენ ვიბრძოლებთ ხონის და ვანის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე, ეს იქნება ის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ გავუმართავთ ქართულ ოცნებას გამარჯვებისთვის“.