18 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
შეცდომა, რომლის გამოც ქვეყანამ მილიონობით ლარი იზარალა

შეცდომა, რომლის გამოც ქვეყანამ მილიონობით ლარი იზარალა - ესტონელ ინვესტორს რუსთავში ის მიწის ფართი მიჰყიდეს, რომელიც უკვე გასხვისებული იყო.

მიწა ესტონურმა კომპანიამ პორტ არტურ გრუპმა 2007 წელს რუსთავის მერიის აუქციონზე 4.5 მილიონ ლარად იყიდა. ინვესტორი რუსთავის გვერდით, ყოფილი ქიმ ბოჭკოს ტერიტორიაზე ინდუსტრიული პარკის მოწყობას, 30 მილიონ დოლარამდე ჩადებას და ესტონური ეკონომიკური სასწაულის გამეორებას გეგმავდა. საუბარია 58 ჰექტარ მიწის ფართობზე.

ინვესტორის გეგმები 2008 წლის ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა დროებით შეაჩერა. 2013 წელს კომპანიის წარმომადგენლებმა პროექტის დამუშავება ხელახლა დაიწყეს, თუმცა, აღმოაჩინეს, რომ აუქციონზე ნაყიდი მიწის ნაწილი, დაახლოებით, 20% სახელმწიფომ სხვა მესაკუთრეებზე გაასხვისა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მერიას მიწის გაცვლა, ან კომპენსაცია ან რაიმე სახის გამოსავლის პოვნა სთხოვეს, რათა 30 მილიონდოლარიანი პროექტი არ შეჩერებულიყო, თუმცა, ამაოდ. მერიაში ამბობენ, რომ კანონმდებლობა მეტის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

სადავო მიწის გვერდით სახელმწიფოს ბალანსზე კიდევ არაერთი ჰექტარი ირიცხება. მართალია, ამ შემთხვევაში მფლობელი არა მერია, არამედ ეკონომიკის სამინისტროა, მაგრამ კომპანიაში თვლიან, რომ კეთილი ნების შემთხვევაში, გამოსავლის მოძებნა მარტივად შეიძლებოდა.

დავა ოთხი წელი გაგრძელდა. საბოლოოდ რუსთავის მერიას შეცდომის გამოსასწორებლად 800 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები