სოფელ ვეძათხევში დარჩენილმა რამდენიმე ოჯახმა სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა. მიზეზი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უმოქმედობაა, რომელმაც იმ მოტივით, რომ ორ ოჯახს ნათესავებთან თავშესაფარი ჰქონდათ, ისინი მეწყერსაშიშ ზონაში დატოვა.
დუშეთის რაიონი სოფელი ვეძათხევი რომ მუდმივი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ამის შესახებ დასკვნა გეოლოგებმა ჯერ კიდევ 12 წლის წინ გასცეს, სადაც აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.
2014 წელს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, სპეციალისტების აზრი გაეთვალისწინებინა და ვეძათხევი სტიქიური უბედურების ზონად გამოეცხადებინა. სოფელში მცხოვრები თერთმეტი ოჯახის საქმე ლტოლვილთა სამინისტროში გამონაკლისის წესით განიხილეს, თუმცა, მხოლოდ რვა ოჯახის განსახლების გადაწყვეტილება მიიღეს. დანარჩენი ოჯახები კი ბედის ანაბარა დატოვეს.
მიტოვებულმა ოჯახებმა იჩივლეს და სამივე ინსტანციაში მოიგეს საქმე, ოღონდ ხელისუფლებამ თავის გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა, ამიტომ დუშელებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს და სტრასბურგში იჩივლეს.
ახლა ევროპულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათი ბედი.