18 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
შიმშილისთვის განწირული ქართველი მეზღვაურები - გაუსაძლისი 5 თვე ლიბიის ციხეში 

უდანაშაულოდ დაკავებული ოთხი ქართველი მეზღვაური ლიბიის ციხეში გაუსაძლის პირობებში იმყოფება. უკვე 5 თვეა, რაც დატყვევებული მეზღვაურები შველას ითხოვენ. 

ლიბიის ქალაქ ტაჯურის ციხეში მყოფი სამი ქართველი მეზღვაურის ყოველდღიური მენიუ ერთი ნაჭერი პური და იშვიათად მცირე რაოდენობით წყალია. საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენილებს ადვოკატის იმედიც აღარ აქვთ.

806 ტონა დიზელით დატვირთული ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილი მცირე სანავთობო ტანკერი რექსი ლიბიის დაცვამ 30 აგვისტოს დააკავა. ეკიპაჟს კონტრაბანდის გადატანასა და საზღვრების უკანონოდ გადაკვეთაში სდებენ ბრალს. მეზღვაურების მტკიცებით, ისინი გემთმფლობელის ბრძანებას დაემორჩილნენ და არავითარი დარღვევა არ ჰქონიათ.

მეზღვაური რომან კაკალაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ დატყვევებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად არაფერი გააკეთა.

საკუთარი მოქალაქეების დახმარების ვალდებულებას ახსენებს მთავრობას მეზღვაურის ოჯახიც. თუმცა, ამბობენ, რომ მთავრობის დახმარების იმედი აღარ აქვთ.

ლიბიის მკაცრი რეჟიმის ციხეშია დატყვევებული ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი გენადი კომახიძეც. 5 თვეა მეზღვაურის დაბრუნებას უშედეგოდ ელოდებიან ბათუმში, კიდევ ერთ ოჯახში. ნუკრი ხოხბას დედა საგარეო საქმეთა სამინისტროს გააქტიურებას სთხოვს. ამბობს, რომ მისი შვილი ადვოკატმა მშიერი დატოვა, რადგან თანხა, რომელიც მას ანგარიშზე პატიმრების ოჯახის წევრებმა გადაურიცხეს, მოიპარა და მის მერე უკვე 2 თვეა, რაც ციხეში არ გამოჩენილა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო 5-თვიანი ტყვეობაში შემდეგაც ვერც მეზღვაურებს და ვერც მათ ოჯახებს ვერ აძლევს პირობას, შეძლებს თუ არა საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლებას, ან მხოლოდ იმას მაინც, რომ 3-მა მეზღვაურმა შიმშილს თავი დააღწიოს.

 

 

 

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი

დღის ამბები