18 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
კორპუსები, რომლებმაც შესაძლოა, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლონ - სეისმოლოგები მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ

სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.

გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს.  პრობლემა ქაოსური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს.  

პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას, სიღრმეს. ის არის მთავარი სახელმძღვანელო სამშენებლო მასალის, ტექნოლოგიის, მთელი პროექტისათვის მომავალში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე, ამბობს, რომ გეოტექნიკური სამუშაოები ყალბდება და 100 ლარად ნებისმიერ ფურცელს იყიდი. ამასთან, გეოლოგების ლიცენზირება არ არსებობს და შესაბამისად, ამ პროფესიის ადამიანების კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოს არა აქვს.

თბილისში არსებული სამშენებლო პოლიტიკის თანახმად კი, დამკვეთი ვალდებულია, არქიტექტურის სამსახურს, სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს გეოტექნიკური დასკვნაც. დასკვნაზე კი კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები მუშაობენ. ქანების შესწავლის პროცესს და შედეგს სახელმწიფო არ აკონტროლებს. ის ექსპერტს უპირობოდ ენდობა.

არამხოლოდ გეოლოგიურ ექსპერტიზაზე, მერია პასუხს არც მშენებლობის ხარისხზე აგებს, რომელიც საქართველოში უკიდურესად მოძველებული ნორმებით რეგულირდება.

4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის  მიწისძვრა თბილისში 2002 წელს დაფიქსირდა. სეისმოლოგები ასეთ რყევას სუსტი მიწისძვრის კატეგორიაში მიითვლიან. მიუხედავად ამისა, თბილისში 12 000 შენობა დაზიანდა, უკლებლივ ყველა სკოლა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერდა. იყო მსხვერპლიც. გარდაიცვალა 7 ადამიანი.

დღის ამბები