ლანჩხუთი საზოგადოებრივი ტუალეტის გარეშე რჩება - პირდაპირ ქალაქის ცენტრში, აბდალ გურულად წოდებული ძეგლის გვერდით, ერთადერთი საპირფარეშოს წინ მიწის ნაკვეთი გაიყიდა. გაყიდული მიწის ნაკვეთის მეპატრონე კი ამ შენობის წინ სავაჭრო ობიექტის აშენებას გეგმავს.
ჰიგიენის სახლის წინ ნაკვეთი ბიზნესმენმა ავთანდილ წილოსანმა ბიზნესპროექტად იყიდა. ამბობს, რომ ინვესტორიც ჰყავდა, მაგრამ გეგმები მეზობლებმა ჩაუშალეს. დები ვადაჭკორიები სასამართლოში წავიდნენ.
მათი მოთხოვნა იყო ის, რომ ახალმა მეპატრონემ სახლამდე მისასვლელი გზა დაუტოვოს და შეწყვიტოს მათი ჭიშკრისა და საპირფარეშოს შესასვლელის ამოქოლვა სამშენებლო ნაგვით.
პირველი ინსტანცია ვადაჭკორიებმა მოიგეს. ოზურგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ წილოსანს ჰქონდა თმენის ვალდებულება და საკუთარი მიწით ისე უნდა ესარგებლა, რომ მეზობლების ჭიშკარი არ ჩაკეტილიყო და ჰიგიენური ბიზნესი არ დაზარალებულიყო.
თავის მხრივ, წილოსანმა აპელაცია ქუთაისში შეიტანა. საქმის განმხილველი კოლეგიიდან ერთ-ერთი სიმონ ჩხაიძე კი მისი ახლობელი აღმოჩნდა. საპირფარეშოს მფლობელებმა საქმე წააგეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე