18 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ეთნიკურად სომხებით დასახლებული სოფელი ჩანახჩი - ადგილობრივების თქმით, ქართული ენის არცოდნის გამო, ინტეგრაცია უჭირთ

მარნეულის მუნიციპალიტეტში სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელი ჩანახჩი ეთმიკური სომხებით არის დასახლებული. 300-მდე მოსახლე იქ სახელმწიფო ენაზე ვერ საუბრობს. თავად ამბობენ, რომ ქართული ენის არცოდნის გამო, სახელმწიფოში ინტეგრაცია უჭირთ. სოფლის ერთადერთი სკოლა კი რკინის ვაგონშია მოწყობილი.

ანა ხომერიკი ადგილობრივ სკოლაში მოწვეული მასწავლებელია. უკვე 2 წელია, გურიიდან აქ დასახლდა და ქართულ ენას ასწავლის.

სკოლის შენობა ცალ-ცალკე მდგომ 7 რკინის კონტეინერშია მოწყობილი. 30 წლის წინ მიწისძვრის შედეგად დანგრეული ადგილობრივი სკოლა მალევე 2 მატარებლის ვაგონით ჩანაცვლდა და ახალი შენობის აშენების ნაცლად, შემდგომ წლებში 5 კონტეინერით გაიზარდა. მასწავლებლებს შიში აქვთ, პრობლემებზე თუ ისაუბრებენ, ახლის აშენების ნაცვლად, შეიძლება, ჩანახჩიში სკოლა დახურონ.

ანა ხომერიკი ამბობს, რომ დღეს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობას ყველა ოჯახში გრძნობენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ მათი ხმა სახელმწიფოს არ ესმის. თავს ინტეგრირებულად ვერ გრძნობს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ენობრივი ბარიერია.

ანა ხომერიკი ამბობს, რომ ენის პრობლემას ქართული არხების არარსებობა ამყარებს. გზის, წყლის გაუმართაობის, გაზის, ინტერნეტის და ქართული არხების გარეშე ცხოვრების გაგრძელება ჩანახჩელებმა არ იციან, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ.

 

 

 

ავტორი: თაკო მესხი

 

 

დღის ამბები