„ბადაგონის“ ცენტრალურ ოფისში გამომძიებლების გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ღვინის კომპანიაში დღის პირველ ნახევარში შევიდნენ და ათასობით გვერდი ფინანსური დოკუმენტაცია და კომპიუტერში შენახული მასალები ამოიღეს.
„ბადაგონის“ თანამშრომლების განცხადებით, კომპანიის სათაო ოფისი და ორივე ქარხანა საგამოძიებო მოქმედებების გამო პარალიზებულია. კომპანიის წარმომადგენლებმა მათ ოფისში გამომძიებლების გამოჩენა ბიზნესზე ზეწოლას დაუკავშირეს.
ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბადაგონში“ გამომძიებლები ყოფილი მეწილის საჩივრის საფუძველზე შევიდნენ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი კუთვნილი აქციები კომპანიის მოქმედმა მფლობელმა მიითვისა.
გამოძიება 18 იანვარს კომპანია „გრაკორო ლიმიტედის“ წარმომადგენლის, ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადების საფუძველზე დაიწყო. „გრაკო“ ფლობდა აქციების 60%-ს, ვიდრე გიორგი სალაყაია „ბადაგონის“ აქციების ერთადერთ მფლობელი გახდებოდა. სალაყაია ყოფილ ბიზნეს პარტნიორს კომპანიის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს. საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელა ვლადიმერ ჯანჯღავას ინტერესების დამცველმა.
გიორგი სალაყაიას განცხადებით, ვლადიმერ ჯანჯღავას უკან პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილი დგას. „ბადაგონის“ საქმეში ბეჟუაშვილის კავშირი ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატმა კატეგორიულად უარყო.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.