18 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები და, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს - დავით სუჯაშვილი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, დავით სუჯაშვილი, დილიდან 3 კომიტეტის წევრების შეკითხვებს პასუხობდა.

მთავარი საკითხები, რაზეც სუჯაშვილს საუბარი მოუწია, იყო ის, თუ როგორ მუშაობს საგარეო დაზვერვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ მიმდინარეობს საფრთხეების დადგენა. ეს არის ის მთავარი საკითხები, რომლებიც დეპუტატებს აინტერესებდათ.

შეხვედრის შემდეგ დავით სუჯაშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საფრთხეებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

„საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, როგორ ფიქრობთ, მთავარი საფრთხე საიდან მოდის? ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ქვეყანაზე და ვისაუბრეთ იმ ქვეყნებზე, საიდანაც მოდის საფრთხე. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები და, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს,“ - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა  ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის  წევრი ირაკლი აბესაძე. ის აცხადებს, რომ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი და მისი აგრესიული ქმედებები წარმოადგენს.

„საქართველოსთვის მთავარ გამოწვევას და საფრთხეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის პროცესისთვის წარმოადგენს რუსეთი და რუსეთს აგრესიული ქმედებები. მათ შორის, რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს პროპაგანდის სხვდასხვა ხერხებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ძალისხმევის გაძლიერება და ნამდვილად არ არის საკმარისი, როგორც ჩანს, ის ღონისძიებები, რომელიც იგეგმება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრმა, ადა მარშანიამაც.

„რასაკვირველია, პირველ რიგში, ჩვენი აღელვება და ემოცია არის ყოველთვის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის ირგვლივ. მე ვითხოვ, ამ საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას,  დაკონკრეტებას და დეტალურ საუბარს. ჩვენ ამ საკითხში გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა და ყოველ დღე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს ტრაგიკული პროცესები,“ - აცხადებს ადა მარშანია.

დღის ამბები