17 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკში დაბრუნდა

საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხების მეორე დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუანი დატოვა და პარიზის გავლით გეზი სლოვენიისკენ, უკვე შინაურად ქცეულ პოდჩეტრტეკის კომპლექს ტერმე ოლიმიისკენ აიღო.

საქართველოს ნაკრებმა რუანი დილის 08:00 საათისთვის დატოვა და პოდჩეტრტეკში 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავიდა. ნაკრები პარიზიდან ლიუბლიანაში ჩაფრინდა, საიდანაც პოდჩეტრტეკამდე ავტობუსით 2 საათი იმგზავრა. რუანის ტურნირზე ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა 22 აგვისტოს, საფრანგეთიდან სლოვენიაში მგზავრობის დღეს კალათბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და საღამოს ვარჯიში გააუქმა.

ეროვნული ნაკრები 23 აგვისტოდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. თერმულ კურორტ ტერმე ოლიმიაში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ სპორტსმენები სათანადოდ მოემზადონ. პოდჩეტრტეკი ჩვეულებრივი ევროპული სოფელია, რომელსაც სამხრეთით ხორვატია ესაზღვრება. სასტუმრო ზედ სასაზღვრო ზოლთან მდებარეობს და ფანჯრებიდან ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის სოფელი მოჩანს. საქართველოს ნაკრების წევრებს სავარჯიშო დარბაზი გზის გადაღმა აქვთ, ხოლო სასტუმროში სიმყუდროვის, კალორიული კვებისა და განტვირთვის სრული გარანტიებია.

27 აგვისტოს იგორ კოკოშკოვის გუნდი იტალიის ქალაქ ტრიესტში გაემგზავრება, სადამდეც პოდჩეტრტეკიდან ავტობუსით დაახლოებით 3 საათის გზაა. მოგეხსენებათ, იტალიაში ჩვენს ნაკრებს 3 ამხანაგური მატჩი ელის. ტრიესტის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენსა და იტალიელების გარდა რუსეთის ნაკრები და ამერიკის სრუდენტური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი - მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი იასპარეზებენ.

წყარო: gbf.ge

 
დღის ამბები