უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) და მირზა სხულუხიამ (70) დაისაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილმა შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა და ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
შედეგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში 60 ქულა დააგროვა, მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა რუსეთს და მეორე ადგილი დაიკავა. ოქროს მედლების რაოდენობით (3) საქართველოს ნაკრები საუკეთესოა.