დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. ლესტერი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს, რეალი კი მიუნხენის ბაიერნს. სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი რა თქმა უნდა სანტიაგო ბერნაბეუზე შედგება.
რეალი-ბაიერნის წყვილის ფავორიტი სამეფო კლუბია. ზინედინ ზიდანის გუნდმა გერმანიაში მეტოქე 1:2 დაამარცხა და მატჩის წინ დიდი უპირატესობა აქვს. რეალს გარეთ ბეილი, ვარანი და პეპე ვერ დაეხმარება. ბაიერნს კი ტრავმის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდს მაინც აქვს საკადრო პრობლემები - ხავი მარტინესი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ჟერმო ბოატენგს და მატს ჰუმელსს ტრავმები აწუხებთ და დიდი ალბათობით, მოედანზე ვერ ვიხილავთ. თუმცა, მათი თამაშის საკითხი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის.
"ბაიერნი შესანიშნავი გუნდია ყველა რგოლში. ვიცით, რომ აქვს მაღალი ხარისხი, მაგრამ თავის მხრივ, ყველა მაღალი დონის გუნდს გააჩნია თავისი სუსტი წერტილი. უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში, როგორც ეს მიუნხენში გავაკეთეთ,"- განაცხადა ზინედინ ზიდანმა.
"თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა მაღალი დონის თამაშის ჩვენება გვმართებს. ახლა გაცილებით ნაკლები შანსი გვაქვს, ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ მთავარია, რომ ჯერ კიდევ არსებობს ეს შანსი. მადრიდში ორი წელი ვიმუშავე და დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს იმ პერიოდთან," - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს UEFA-ს მიხედვით.
რეალი - ნავასი, კარვახალი, რამოსი, ნაჩო, მარსელო, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო, ბენზემა, რონალდუ.
ბაიერნი - ნოიერი, ლამი, ალონსო, ალაბა, ბერნატი; ვიდალი, ტიაგო ალკანტარა, რობენი, მიულერი, რიბერი, ლევანდოსვკი.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.