20 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
"ჩვენი ქმედებები სარკისებური იქნება,“ - რუსი დიპლომატების გაძევება და პასუხი დასავლეთის სანქციებს 

ლონდონში, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, აშშ-დან და ევროპის ქალაქებიდან ათობით რუსი დიპლომატს გააძევეს. საქართველო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა და ქვეყნიდან ერთი რუსი დიპლომატი გააძევა.

რუსული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების ქვეყნებიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სარკისებურ ქმედებებს აანონსებს.

„ჩვენს მიერ მიღებული ზომების სარკისებური იქნება, საპასუხო ქმედებები მოიცავს ამერიკელი დიპლომატების შესაბამისი რაოდენობის გაძევებას რუსეთიდან, ასევე სანქტ-პეტერბურგში მოქმედი შეერთებული შტატების საკონსულოს მუშაობის შეჩერებას. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების რაოდენობას, რომლებიც რუსეთს დატოვებენ, ჩვენი ქმედებები აქაც სარკისებური იქნება,“ - ამბობს სერგეი ლავროვი.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს ამგვარი საქციელის გამო აღშფოთებას გამოხატავს. "პატრიოტთა ალიანსი" პრემიერ-მინისტრს მიმართავს და რუსეთის ხელისუფლებისადმი სასწრაფოდ განცხადების გაკეთებას სთხოვს, რათა დაძაბული ვითარება განეიტრალდეს.

ჟენევის მოლაპარაკებათა 43-ე რაუნდი, ყველა მონაწილის აღიარებით, უშედეგოდ დასრულდა. საქართველომ არ მოაწერა ხელი რუსებისა და მარიონეტული რეჟიმების მოთხოვნას ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებაზე, რომელშიც სოხუმი და ცხინვალი მხარეებად იქნებოდნენ წარმოდგენილნი.

ჟენევიდან ხელცარიელი დაბრუნების შემდეგ, რუსეთმა სიმბოლური, მაგრამ ცვლილება მაინც მოიფიქრა. სოხუმში ელჩად დანიშნა ალექსეი დვინიანინი. დვინიანინი აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და ჟენევის მოლაპარაკებაზე, კარასინის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის მეორე კაცი იყო.

დღის ამბები