იუსტიციის საბჭოს სხდომები საზოგადოებისთვის შესაძლოა საერთოდ დაიხუროს - ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომები ღია ფორმატში აღარ გამართოს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს სხდომები სულ უფრო ემსგავსება სატელევიზიო რეალითი შოუს.
შეფასება ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ.
„გასაგებია, რომ ეს გამომზეურება შეიძლება დისკომფორტს აყენებდეს ვიღაცას, აგრამ ეს თავისთავადაც სამწუხაროა რა თქმა უნდა. გასაგებია, რომ ბევრი კითხები, რომელიც აქ ისმის, გამომზეურება ფაქტების, მოსამართლეების წარსული, შეიძლება არ იყოს კომფორტული ხალხისთვის, რომელიც ჩუმად, წყნარად დახურულ სივრცეში არის მიჩვეული მუშაობას, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ვმუშაობთ ახალი სტანდარტებით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
სერგო მეთოფიშვილის ინიციატივას არ ეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირმა გელაშვილიც და ამბობს, რომ სხდომების დახურვა დაუშვებელია.
„გამჭვირვალობისთვის აუცილებელია, რომ ეს სხდომები იყოს საჯარო, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. რა თქმა უნდა, მე მხარს ამ გადაწყვეტილებებს ვერ დავუჭერ,“ - განაცხადა ირმა გელაშვილმა.
სხდომებს დახურვის საკითხს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.
„წინასწარ დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, ეს ბატონ სერგოს მოსაზრებაა, რომელიც გააჟღერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე,“ - აღნიშნა მიქაუტაძემ.