მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ეხმაურებიან.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „ენმ“-ის საპატიო თავმჯდომარე და ამიტომაც არ არის გასაკვირი, თუ პარტიის სახელით ისაუბრებს.
„ის, რომ „ენმ“-ის სახელით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი და მისი გამოსვლის უკან ლოგო „ენმ“-ის იყო, რატომ არის ეს გასაკვირი, ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. საპატიო იმიტომ, რომ მას იურიდიული უფლება ჩამოართვეს, რომ ყოფილიყო ლეგალური ხელმძღვანელი, იძულებით მოუწია წასვლა უცხოეთში, გააძევეს,“ - განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას. მას ასევე, ბიუროკრატიის რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს. მისი თქმით, შსს-ს ცენტრალურ აპარატში არის 1200 მანქანა, საიდანაც ნახევარზე მეტი პერსონალურად მაღალჩინოსნებს ემსახურება.
ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეომიმართვას ეხმაურება ნიკა მელიაც. ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ 2018 წელსვე არის შესაძლებელი პენსიის გაზრდა, თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
„თუკი პოლიციის მაღალჩინოსნებს აქვთ მრავალათასიანი ხელფასები, რომლებიც კაბინეტებიდანაც არ გამოდიან და კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქვთ 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი და ეს, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ პოლიტიკურად არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათ ხელფასები არ მოუმატონ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა, იმ მძიმე სოციალური ფონის შესახებ, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს. სააკაშვილი აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული გეგმა როგორ გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა.
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლისთანავე უნდა გაიზარდოს მასწავლებლების ხელფასი, ხოლო პოლიციელთა მინიმალური ხელფასი 2000 ლარი უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, პენსია უნდა გახდეს 400 ლარი.